EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
რემონტი
237

რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დროს?

რემონტი, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა და სოლიდურ ბიუჯეტსაც მოითხოვს ყველამ კარგად იცის. იმისათვის, რომ რემონტის დროს ემოციური მდგრადობა შეინარჩუნოთ და ყველაფრისთვის კარგად მოემზადოთ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ გამოცდილება და პატარ-პატარა ნიუანსები, რომლებიც საქმეს გაგიმარტივებთ. თუ რემონტი არასოდეს გაგიკეთებიათ, ან თქვენი სახლის ინტერიერის რადიკალურად შეცვლას გეგმავთ, ბუნებრივია, ღელავთ და თავში ერთი და იგივე კითხვები გიტრიალებთ: რა დამიჯდება? რა დროს წაიღებს? — მოკლედ, რთულია სარემონტო სამუშაოებმა ნერვიულობის გარეშე ჩაიაროს. თუმცა, წინასაწარ ყველა დეტალს თუ სწორად გათვლით, ეს პროცესი სასიამოვნოც შეიძლება გახდეს. გამოვყოფთ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომლებზეც რემონტის მსვლელობისას აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მზად იყავით, რომ თქვენი სახლი მტვრით იქნება სავსე. ამასთან ბრძოლის რამდენიმე გზა არსებობს: 1. ადგილი, სადაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური, დროებითი დამცავი კდელებით უნდა შემოსაზღვროთ. 2. სახლის იმ ადგილებში, სადაც რეკონსტრუქცია არ ხდება, ჰაერის გამფილტრავი ტექნიკის დამონტაჟებაც კარგი იდეაა.


წყარო: /www.pinterest.com


მოემზადეთ განუწყვეტელი, აუტანელი ხმაურისთვის. რემონტის მსვლელობისას თქვენი ცხოვრების პერმანენტული აკომპანიმენტი ხერხვის, იატაკის გაშალაშინების, ლურსმნების ჩაჭედების და სხვადასხვა სამუშაოებისას გამოცემული ბურღის აუტანელი გრუხუნი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, კაფელს აგებთ, პარკეტს ცვლით თუ კედლებზე ხის პანელების დამონტაჟება გაქვთ გადაწყვეტილი. ამ პროცესებს აუცილებლად ყურადღებით მიადევნეთ თვალი და გააკონტროლეთ, რამდენად ზუსტად და სიმეტრიის დაცვით ტარდება სამუშაოები, რადგან დასრულებული რემონტის შემდეგ მათი თავიდან გაკეთება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.


წყარო: /www.pinterest.com


გახსოვდეთ, რაც არ უნდა კარგად გქონდეთ ბიუჯეტი გაწერილი, ზედმეტ დანახარჯებს ვერსად გაექცევით და უცბად აღმოაჩენთ, რომ თანხები, რაც დასაწყისში ივარაუდეთ, მთელი ორი ნოლით იზრდება. ამიტომაც, როგორც წესი, სარემონტო ბიუჯეტში სრული თანხის 10 პროცენტს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ამატებენ ხოლმე.


წყარო: /www.pinterest.com


რაც შეეხება კონკრეტული დანიშნულების ოთახების რემონტს, სამზარეულოში რემონტის დაწყებამდე გახსოვდეთ, რომ ის უნდა ითვალისწინებდეს ყველანაირ აღჭურვილობას, რაც პირველ რიგში, კულინარიისთვის გჭირდებათ. ჭკვიანურად მოწყობილი სამზარეულო მაცხოვრებელს უნდა სთავაზობდეს სასადილო და შემნახველ სივრცეს. დეკორაციები უნდა შეესაბამებოდეს მთლიანი სახლის არქიტექტურას. სამზარეულოს დიზაინში უამრავი ფაქტორი თამაშობს დიდ როლს. თუმცა, სანამ ამ ყველაფერზე გადახვალთ, ჯერ დაფიქრდით, რატომ აკეთებთ სამზარეულოს რემონტს და რას ელოდებით მისგან. ამის შემდეგ კი მისი დაგეგმვა დაიწყეთ, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ზომა, განლაგება, ინფრასტრუქტურა, ცხოვრების სტილი და ბიუჯეტი. სამზარეულოში თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, თუ საქმე პატარა სამზარეულოს ეხება. ზომა განლაგებასაც განსაზღვრავს, რადგან ამით გეცოდინებათ, რა ნივთი ან აღჭურვილობა შეგიძლიათ ამ ოთახში დადგათ. სამზარეულოს რემონტისა და მოწყობის დროს კი ყველაზე მთავარი ფაქტორი თქვენი ცხოვრების სტილია. როგორ თვლით, რომ თქვენს სამზარეულოს გამოიყენებთ? როგორი ტიპის მზარეული ხართ? ამ კითხვებზე პასუხი იმ პრიორიტეტულ ასპექტებს გამოყოფს, რაც თქვენი ახალი სამზარეულოს შექმნის წინაპირობა იქნება. მაგალითად, თუ თქვენ გურმანი ხართ და კერძების დაგემოვნებასთან ერთად მათ სიამოვნებითაც ამზადებთ, გაითვალისწინეთ რომ თქვენ დაგჭირდებათ: სამზარეულოს ნივთების პროფესიონალური ნაკრები, როგორებიცაა: გაზქურა, ორმაგი ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, მარტივად გასაწმენდი ზედაპირის მქონე თაროები და კარგი განათება.


წყარო: /www.pinterest.com


უმნიშვნელოვანესია საძინებელი ოთახის სწორად გარემონტება, რადგან ის ყველანაირ კომფორტს უნდა გვთავაზობდეს. საძინებელი ოთახის რემონტის დროს, გირჩევთ მისი კედლები შეღებოთ. ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე სწრაფი და იაფი გზაა მთლიანი სივრცის ხასიათის შესაცვლელად. აქვე აუცილებლად გაითვალისწინეთ ინტერიერის სტილიც. თუ ეკლექტიკურ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, საძინებელი ოთახი მხიარულ, ღია ფერებში გადაწყვიტეთ. მინიმალისტური სტილის დროს კი, აუცილებლად ერთი ფერი უნდა შეარჩიოთ. საუკეთესოა, თუ თეთრ ან ნეიტრალურ კრემისფერ ჩრდილებს გააკეთებთ და ოთახში ფერადი აქსესუარებით, ბალიშისპირებით შემოიტანთ ხალისს. საძინებელ ოთახში ფანჯრების მორთულობაზე იზრუნეთ. რადგანაც ეს ოთახები შედარებით პატარა ზომისაა და დიდი ავეჯი დომინირებს, ფარდებსა და ჟალუზებს სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. რჩევისთვის, თეთრი ფარდები უბრალოა, იაფი და ინტერიერის თითქმის ყველა სტილს ერგება. თუ გსურთ, რომ ფარდებმა დილის შუქი ოთახში არ „შემოუშვან“, ისინი ღია, სქელი კოტონის ან აბრეშუმის უნდა იყოს.


წყარო: /www.pinterest.com


მისაღები ოთახი სტუმრების მიღებისთვის განკუთვნილი ოთახია და ის ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი უნდა იყოს. სახლის მეპატრონისთვის ეს ოთახი სავიზიტო ბარათივითაა. ბინის რემონტის დროს მისაღები ოთახისთვის ყველაზე ძვირფას მასალებს გამოიყენებენ ხოლმე. სამუშაოს ხარისხი იატაკის, კედლებისა და ჭერის სრულყოფილებით განისაზღვრება. ეს ადგილი ხომ მთელი ბინის სამომავლო ინტერიერის საფუძველია. შესრულებული სამუშაო უნდა იყოს უნაკლო, გამძლე და გრძელვადიანი. დიდი ფართობის სახლებსა და კოტეჯებში, მისაღებ ოთახებს მაღალი ჭერით და ბუხრით გამოარჩევთ. მსგავს ოთახებს შეუძლიათ მრავალი სტუმარი მიიღონ. თუმცა, თუ თქვენ პატარა საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობთ, არ არის აუცილებელი ან ბუხარი გქონდეთ, ან მაღალი ჭერი. თუ ამგვარ ბინებში, მისაღები ოთახის რემონტს დაგეგმავთ, იცოდეთ რომ თქვენ მისი რადიკალური განახლება მოგიწევთ. ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, თუმცა უნაკლო შედეგისთვის, ნამდვილად გიღირთ. ტიპური მისაღები ოთახის ხელახლა დაგეგმარებას საინტერესო შედეგების მოცემა შეუძლია. მყუდრო მისაღები ოთახის საიდუმლო იმ მცირე დეტალებში იმალება, რომელიც ორიგინალური და ინდივიდუალურია. ასეთი შეიძლება იყოს ფრანგული ფანჯარა, ერკერი, ხელოვნური ბუხარი და ხედიც კი, რომელიც თქვენი ფანჯრიდან ჩანს. მისაღები ოთახის განათება, სურვილისებრ, ზონების მიხედვით ან კომბინირებული უნდა იყოს ან გაცალკევებული. ასევე უნდა განასხვავოთ ჭერის განათება კედლის სანათურებისგან. განათების დროს აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ეს ოთახი მრავალფუნქციურია და არცთუ ისე ცოტა ელექტრონულ ჩამრთველებს/გამომრთველებს მოითხოვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო ფერთა გამა. მისაღები ოთახი, რომელიც არცერთ სხვა ოთახს არ ჰგავს, დიზაინერს შემოქმედების წყაროს უხსნის. შრომა, რომელსაც რემონტში ჩადებთ, დაფასებას მოითხოვს და თანაც მოგინდებათ, განახლებული სახლი მეგობრებს დაათვალიერებინოთ. წვეულებაზე აუცილებლად დაპატიჟეთ სარემონტო ბირგადა — თავისი საქმის წარმატებით დასრულება ყველას უხარია.

გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.
ინტერიერში თავისუფალი სივრცის შევსება ძალიან ბევრი რამით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს დიდი ყვავილი, დეკორატიული ვაზა, სურათი და ა.შ.