EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ინტერიერი
369

რა დატვირთვა აქვს ფერს, ფორმას და პატერნს დიზაინში?

მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი 7 ელემენტისგან შედგება. ესენია: სივრცე, ხაზი, ფორმა, განათება, ფერი, ტექსტურა და მოხატულობა, იგივე პატერნი. თითოეულ მათგანი შეუცვლელია და განსაკურებული გავლენა აქვს საცხოვრებელ გარემოზე. საინტერესოა, რომ ამ ელემენტებიდან ყველაზე ნაკლებად ტექსტურისა და თარგული ნიმუშების გავლენას ვამჩნევთ საკუთარ თავზე, რადგან ისინი უფრო ქვეცნობიერში ილექებიან და გადაულახავ დისკომფორტს არ გვიქმნიან. მიუხედავად ამისა, არც ერთი კარგი პროექტი არ შემდგარა მათ გარეშე.


წყარო: /www.pinterest.com


ფერი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ტონალობა ქმნის სივრცის იერს და საცხოვრებელ გარემოს. პირველ რიგში, ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ დავიცვათ ბალანსი. ეს კი ფერთა გამის არჩევას და მის ფარგლებში ჭადრაკულად ზუსტი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. დღესდღეობით, ითვლება, რომ რაც უფრო ფართო ფერთა გამას ააწყობთ, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვა დეკორი. თუმცა, უფრო თამამი ინტერიერის დიზაინერები, თამამ დამკვეთებთან ერთად, ერთი ფერის მრავალ ტონალობას ათამაშებენ სივრცეში. მიღებული მეთოდია კედლების თეთრად შეღებვა და ავეჯით, იატაკითა და დეკორით სიჭრელის შეტანა საცხოვრებელში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფერს მხოლოდ ესთეტური დატვირთვა არ აქვს. მაგალითად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, მწვანე, იისფერი და მათი ელექტრული ვარიაციები კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ, ამ ფერების დომინანტ ტონებად არჩევა ძალიან პოპულარული გახდა. აქტუალურია თეთრიც, თუმცა, „იერის განმსაზღვრელ“, დომინანტ ფერებთან ძირითადად ვარდისფერს, მის მშვიდ, ჭუჭყიან ფერს არჩევენ. იგივე ხასიათის ყვითელი ტონალობებიც ძალიან აქტუალური ტრენდია.


წყარო: /www.pinterest.com


რაც შეეხება ტესტურას, ის ყველა ზედაპირს აქვს. ზოგი რბილია, ზოგიც გლუვი, მაგარი, პრიალა, ხორკლიანი... წარმოუდგენელია ამდენი ეპითეტი ერგებოდეს რომელიმე სხვა ელემენტს. შეხებისა და დანახვის ეფექტი ინტერიერში ძალიან დიდია, ამიტომაც სხვადასხვა სახის მასალის ტექსტურას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ტექსტურას შეუძლია ისეთივე როლი ითამაშოს სივრცის გადაწყვეტაში, როგორც ფერს. ვიზუალურ დატვირთვას რაც შეეხება, სივრცის ჩამოყალიბებაში ზედაპირის ტიპი მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ფერებზე საუბრისას ვახსენეთ, თუ როგორ შეუძლია მას სივრცის დამორჩილება, გაზრდა ან შემცირება - იგივე შეიძლება ითქვას ტექსტურაზეც. მას შეუძლია ყურადღება რომელიმე კონკრეტული საგნისკენ მიგვაპყრობინოს. თუ უხეშ ზედაპირებს გამოიყენებთ, რომელიც სინათლეს ირეკლავს, სივრცე ცოტათი უფრო ჩაკეტილი და დაცული გამოჩნდება, ხოლო გლუვი ტექსტურა ოდნავ უფრო გააფართოებს სივრცეს და მას კომფორტს შეჰმატებს. ამავე ხერხით შესაძლებელია სივრცის სიმძიმისა და სიმსუბუქის კონტროლიც. ტექსტურით კონტრასტი და ბალანსიც იოლი დასამორჩილებელია. გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტი აუცილებელია, რადგან თვალს დასვენება სჭირდება.


წყარო: /www.pinterest.com


მოხატულობა ინტერიერში რაიმე ზედაპირის, ქსოვილის, დეკორის ან ავეჯის მოტივის რიტმულ გამეორებას მოიაზრებს. მისი დატვირთვა წმინდად ესთეტიურია და მისი დიზაინი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინის ყველაზე თავისუფალი ელემენტია, ალბათ ყველაზე დიდი სიფრთხილე სწორედ მასთან გმართებთ, რადგან ის სივრცეში არ აღიქმება და მხოლოდ ზედაპირს ალამაზებს. ამასთან, თითქოს ბალანსის მიღწევა შეუძლებელია! ის ან ზედმეტია, ან ძალიან ცოტა. მოხატულობაში მნიშვნელოვანია როგორც ფერი, ისე ფორმა, კომპოზიცია და სიმბოლიზმი. გასათვალისწინებელია, რომ ჭარბ, რიტმულ მოხატულობას, ფართის შემცირების ეფექტი აქვს. ამიტომ, უმჯობესია პრინტი უხვად მხოლოდ დიდ, ან პატარა, მაგრამ ფუნქციურად დაუტვირთავ ოთახებში გამოიყენოთ.

ბაღის დეკორირების ყველაზე გავრცელებული ხერხია მისი, ყვავილების ლარნაკებითა და ქოთნებით მორთვა.
ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.